თუ

თუ არ გღალატობს მოთმინება, როდესაც ქვენა
მოუთმენლობით შეპყრობილთა გკიცხავენ ხმები,
თუ ურწმუნობით გარემოცულს არ გტოვებს რწმენა
საკუთარ ძალთა, და პატიებაც არ გიმძიმს სხვების;
თუ მომქანცველი მოლოდინი არ გიკლავს სურვილს,
თუ არ ცრუობ, როდესაც ირგვლის სიცრუე ზეობს,
თუ საძულველი - უპასუხოდ ტოვებ სიძულვილს,
არც თავს იწონებ ზედმეტად და არც ენამზეობ;

თუ ძალგიძს ფიქრი და არ აქცევ ნააზრევს კერპად;
თუ კვლავ ოცნებობ და ოცნებას არ ემონები;
თუ დაუხვდები მარცხსა და ტრიუმფს აუღელვებლად,
გაუმკლავდები ამ თვირთმარქვიებს ცივი გონებით;
თუ მშვიდად ისმენ, გაყალბებული სიმართლე შენი,
ვით დაუგიათ არამზადებს ბრიყვთათვის მახედ;
ან ხელახალი აგება იმის, სიცოცხლის დღენი
რასაც შესწირე, და ნაგრევებად ქცეული ნახე;

თუ ბედის ბორბლის მობრუნებას ერთბაშად ატან
ყველა მოგებას უშურველად, ერთ ფსონად ჩასულს;
თუ წაგებული ისევ და ისევ იწყებ თავიდან
და სინანულით არ შესცქერი ცხოვრებას წარსულს;
თუ სვლას განაგრძობ შერჩენილი ურყევი ნებით,
როდესაც შენში უძლურებაა დაბუდებული;
თუ შეგიძლია აიძგერო ძველებურ გზნებით
დიდი ხნის წინად გაცვეთილი ძარღვი და გული;

თუ გულწრფელობას ყურადღება არ გართმევს ერის,
ან სიახლოვე მეფეების - საქციელს მარტივს,
თუ გულს ვერ დაგწყვეტს ვერც მეგობარი და ვერცა მტერი,
თუ ყველას უწევ ანგარიშს, მაგრამ ზედმეტად - არვის;
თუ დაუნდობელ წუთს შეავსებ ყოველწამიერ
გიჟურ რბოლისგან გაწყვეტამდე მისული ქანცით,
შენი იქნება დედამიწა, შვილო, ამიერ
და - რაც მეტია ყველაფერზე - იქნები კაცი!








No comments:

Post a Comment